ჩემპიონთა ლიგიდან კი გამოვარდნენ, მაგრამ სამაგიეროდ პრემიერლიგაში ყოჩაღობენ და ეს ქომაგებისთვის ერთგვარი კონპენსაციაა. დიდი სერ ალექსის წასვლის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ საქმე უკან-უკან წავიდა და ინგლისის ჩემპიონატში მაქსიმუმ ოთხეულში მოხვედრას თუ ახერხებენ. მიმდინარე სეზონში კი თითქოს საჩემპიონო კონტურები გამოჩნდა. „წითელი ეშმაკები“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან.
პრემიერლიგაში „ბოქსინგი“ გახურებულა, სადაც ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ჯერ „ლესტერთან“ სტუმრად ფრედ 2:2 ითამაშა, შემდეგ კი დაძაბულ ბრძოლაში „ვულვზს“ 1:0 აჯობა. ერთადერთი გოლი, მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში რაშფორდმა გაიტანა.
„ფერგი ტაიმი? ვფიქრობ, ეს პერიოდი ჩვენ ამ სეზონში არა ახლა, არამედ ცოტა ადრე დაგვიდგა. თუ დააკვირდებით აღმოაჩენთ, რომ მატჩების ბოლო წუთებზე მოგებებს დავეჩვიეთ, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვგრძნობ, რომ ბიჭები როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად საკმაოდ მომძლავრებულნი არიან, რათა ეს ხშირად შეძლონ ხოლმე.
რაც შეეხება „ვულვზთან“ მატჩს, ჩვენ საკმაოდ ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. შესაძლოა, თამაშის ხარისხი კარგი არ იყო, მაგრამ მთავარი შედეგია. ვფიქრობ, მეტოქე მატჩის მიწურულს დაიღალა, ჩვენ არა. ამის მიზეზი კი ალბათ ის იყო, რომ ერთი დღით მეტი გვქონდა დასასვენებლად.
საერთო ჯამში ჩვენთვის ცუდი წელი არ გამოდგა. ჩვენ მზად ვართ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ“ – აღნიშნა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა.





