შოთა არველაძე უზბეკეთის სუპერლიგის 2020 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გახდა. 47 წლის სპეციალისტი საუკეთესოდ უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციამ და პროფესიონალური ფეხბურთის ლიგამ დაასახელა.
ქართველმა მწვრთნელმა ტაშკენტის ფახთაქორთან ერთად აწ უკვე დასრულებულ სეზონში უზბეკეთის ჩემპიონატი და თასის გათამაშება მოიგო. ტრიუმფის შემდეგ შოთა არველაძემ კლუბი მაჟორულ ნოტაზე დატოვა და განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში ახალი გამოწვევების დრო დადგა.
შეგახსენებთ, რომ ფახთაქორის წარმატებაში წვლილი აჩი არველაძემ და გოჩა ტყებუჩავამაც შეიტანეს. ორივე მათგანი კლუბში შოთა არველაძის ასისტენტი იყო.
ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და ამ დროისთვის უკვე საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელი უზბეკურ კლუბს სათავეში 2017 წლის ივნისში ჩაუდგა. 2019 წელს შოთა არველაძემ ფახთაქორთან ერთად სამი ტიტული – უზბეკეთის ჩემპიონატი, თასი და ლიგის თასი მოიგო. 2020 წელს კი უზბეკურ კლუბში ასპარეზობა ქვეყნის ჩემპიონობით და თასის მოგებით დაასრულა.
აქვე უნდა დავამატოთ, რომ შოთიმ „ფახთაქორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა, რასაც კლუბი 10 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა.





