ტაშკენტის „ფახთაქორში“, 3 წლიანი მუშაობის და 5 მოგებული ტიტულის შემდეგ, ზედ ახალი წლის წინა დღეებში წამოსული შოთა არველაძე ახალი წინადადებების მოლოდინშია. როგორც მისმა ტყუპისცალმა, აჩი არველაძემ ამას წინათ „პრაიმსპორტთან“ გაკეთებულ კომენტარში თქვა, ყველაფერი იანვრის ბოლოს გაირკვევაო.
შესაძლოა ეს ამბავი უფრო დაჩქარდეს და შოთა არველაძემაც ახალი ნავსაყუდელი უახლოეს დღეებში იპოვნოს. მანაც რამდენჯერმე ხაზი გაუსვა, რომ ჰოლანდიური და თურქული ვარიანტები აქვს, თუმცა კონკრეტული ჯერ არაფერიაო.
თურქული მედიის ცნობით, დიდია ალბათობა იმისა, რომ შოთა არველაძე თავის ყოფილ გუნდს დაუბრუნდეს. საუბარია „ქაისერსპორზე“, რომელსაც შოთა არველაძე რამდენიმე წლის წინაც ავარჯიშებდა. ისე, უნდა ითქვას, რომ „ქაისერს“ კარგი დროება ნამდვილად არ უდგას. გუნდი თურქეთი სუპერლიგაში, 10 ქულით, სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება და ქვედა დივიზიონში დაქვეითების პირველი კანდიდატია.
„ქაისერმა“ 3 იანვარს, საკუთარ მოედანზე „ბეშიქთაშთან“ 0:2 წააგეს და გუნდის ბოსების მოთმინების ფიალაც აივსო. მათ მთავარ მწვრთნელს სამეტ აიბაბას კარისკენ მიუთითეს და მხსნელად შოთა არველაძე სურთო, თუმცა ქართველი სპეციალისტის კანდიდატურა ერთადერთი არ არის, „ქაისერის“ ხელმძღვანელობა ასევე თვალი დან პეტრესკუს დაადგა.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და შევა თუ არა შოთა არველაძე ერთ მდინარეში მეორედ.





