გუშინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კლუბების ლიცენზირების დასკვნითი სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გახდა ცნობილი.
კომიტეტის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ფედერაციამ ქუთაისის ტორპედოს ხელმძღვანელობას ფეხბურთელებისა და თანამშრომლების მიმართ დარჩენილი ფინანსური ვალდებულებების დასაფარად, ვადა 2020 წლის 28 დეკემბრამდე მისცა.
იმის მიუხედავად, რომ ქუთაისელებმა ეროვნულ ლიგაში დასარჩენი პლეი-ოფის პირველი მატჩი გაგრასთან 0:2 მოიგეს და მთავარ ლიგაში დარჩენასთან საკმაოდ ახლოს არიან, კლუბს ლიცენზიის შეჩერება მაინც ემუქრება.
„17 დეკემბერს სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის დასკვნითი სხდომა გაიმართა. ლიცენზირების პროცესში მონაწილეობა მიიღო ეროვნულ ლიგაში, ეროვნულ ლიგა 2-ში, ლიგა 3-სა და ლიგა 4-ში მოასპარეზე 46-მა საფეხბურთო გუნდმა და ქალთა ლიგის 14-მა საფეხბურთო გუნდმა.
სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით, კლუბების ლიცენზირების დებულებებით განსაზღვრული კრიტერიუმების შესრულების საფუძველზე ლიცენზია მიიღო ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-სა და ლიგა 4-ის 35 მა საფეხბურთო გუნდმა. ასევე 9 ქალთა ლიგაში მოასპარეზე გუნდმა.
რაც შეეხება ზემოთხსენებულ ლიგებში მონაწილე 16 საფეხბურთო გუნდს, კომიტეტის მიერ უარი ეთქვა დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება კლუბებს მიმდინარე წლის 18 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.
ს.კ. ქუთაისის „ტორპედოს“ კლუბის ფეხბურთელებისა და თანამშრომლების მიმართ დარჩენილი ფინანსური ვალდებულებების დასაფარად განესაზღვრა მიმდინარე წლის 28 დეკემბერი. აღნიშნული ვალდებულების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კლუბს ავტომატურად შეუჩერდება ლიცენზია გასაჩივრების უფლების გარეშე“, – ნათქვამია სფფ-ს განცხადებაში.





