თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომავალი სეზონიდან „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. რონალდ კუმანს თანამდებობას დაატოვებინებენ.
ნიდერლანდელ სპეციალისტს წყალი ისედაც შეყენებული ჰქონდა, ხოლო მას შემდეგ, რაც კატალონიურმა გრანდმა ლა-ლიგის ჩემპიონობის თეორიული შანსიც დაკარგა, კუმანის გათავისუფლების საკითხი ეჭვს აღარ იწვევს.
„ბარსელონამ“ ლა-ლიგის ბოლო ტურებში უამრავი ქულა დაკარგა, ბოლოსწინა ტურში კი საერთოდ შინაურ არენაზე „სელტასთან“ დამარცხდა და ჩემპიონობის მათემატიკური შანსიც გადაიწურა.
ესპანური მედიის მტკიცებით, ლაპორტა კუმანს უკვე შეხვდა, ამ თემაზეც ესაუბრა და ნიდერლანდელი სპეციალისტიც გუნდს სეზონის ბოლოს დაემშვიდობება.
„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელობის უმთავრესი კანდიდატი კი ჩავია. კატალონიური გუნდის ბოსები „ბასრელონას“ ლეგენდას უკვე დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებებიც დასკვნით ფაზაშია.








