ევრო 2020-ის გახსნითი მატჩი თურქეთის ნაკრებს და მის გულშემატკივრებს ალბათ მწარედ კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ.
შენოლ გიუნეშის გაწრთვნილებმა საზიზღრად ითამაშეს და იტალიელებთან დაპირისპირება პირწმინდად დათმეს. ცხადია, რომის ოლიმპიურ სტადიონზე ფავორიტად იმთავითვე იტალიელები მიიჩნეოდნენ, თუმცა თურქთაგანაც ასეთ უსუსურობას ალბათ ბევრი არ ელოდა.
ბუნებრივია, მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული იყო თურქეთის ნაკრების გამოცდილი თავკაცი შენოლ გიუნეში.
„მზად ვარ მივიღო კრიტიკა, თუმცა ჩემი ფეხბურთელების მისამართით ცუდი არაფერი დამცდება. ცხადია, ეს ის არ იყო, რასაც ჩვენ და გულშემატკივრები ელოდნენ.
დავმარცხდით ნაკრებთან, რომელიც საკუთარ მოედანზე თამაშობდა და ბურთსაც კარგად აკონტროლებდა. პირველ ტაიმში გოლი არ გავუშვით და თავს კარგად ვიცავდით, თუმცა მეორე ნახევარში მეტოქის ზეწოლას ვეღარ გავუძელით და შედეგიც ლოგიკური დადგა.
რომ არა ავტოგოლით გაშვებული პირველი გოლი არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდებოდა. შესაძლოა თავის დაცვა ისევ წარმატებით გაგვეგრძელებინა.
ვეღარაფერს შევცვლით. ახლა მთავარია მომდევნო მატჩებისთვის უკეთ მოვემზადოთ“ – აღნიშნა შენოლ გიუნეშმა.
თურქეთი ნაკრებს მომდევნო მატჩი უელსის ნაკრებთან 16 ივნისს ელის.







