კიდევ ერთი საშინელი ტრაგედია. კიდევ ერთი დაკარგული ახალგაზრდა სიცოცხლე. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც სასიკვდილოდ საკუთარმა ძმამ გაიმეტა.
ამ ზაფხულს, ჯგუფურად მოკლული 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ამბავი ჯერ კიდევ ვერ მოგვინელებია, ისევ ცხელია და ვგლოვობთ, რომ ქვეყანა მორიგმა საშინელმა ამბავმა გააოგნა.
მიშო ახლოური, გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი, რომელიც ასევე 19 წლის იყო საკუთარ სახლში ცივი იარაღით, მასზე ორი წლით უფროსმა ძმამ მოკლა. ძმები თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ, დაპირისპირების მიზეზი კი შესაძლოა ისეთი ბანალური იყოს გაოგნებისგან ხმაც ვერ ამოიღო. ერთ-ერთი ვერსიით, ძმებს შორის ჩხუბი ტელევიზორის ხმის დაწევის გამო დაიწყო, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.
მიშო ახლოური, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“ ორწელიწადნახევარი თამაშობდა. ის 19 წლამდე ასაკობრივი გუნდის წევრი იყო და ერთი წლის წინ მოკლულ გიორგი შაქარაშვილთან ერთად რამდენჯერმე თურქულ შეკრებაზე იმყოფებოდა, ამჟამად კი „გაგრაში“ ირიცხებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელი მალე საფრანგეთში მიემგზავრებოდა, რათა კარიერა ევროპაში გაეგრძელებინა.
საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“ მიშო ახლოურს უკეთილშობილეს ადამიანად იხსენებენ და მომხდარით გაოგნებულნი არიან.





