მადრიდის „რეალის„ ლეგენდარულმა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა „სამეფო კლუბის“ დატოვების მიზეზებზე ისაუბრა:
„კლუბმა ერთწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა ხელფასის დაკლებით. ფინანსური მხარე ჩემთვის მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. მე ორწლიანი კონტრაქტი მსურდა, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.
მოლაპარაკების პერიოდში ერთწლიანი შეთავაზება მივიღე, რაზეც თანხმობა განვაცხადე, თუმცა კლუბმა მოგვიანებით მითხრა, რომ ამ შემოთავაზებას ვადა გაუვიდა.’
მთელი ამ დროის განმავლობაში ხელშეკრულების პირობები არაერთხელ შეიცვალა როგორც ჩვენი, ისე კლუბის მხრიდან, თუმცა გადამწყვეტ მომენტში, როცა შემოთავაზებაზე თანხმობა განვაცხადე, კლუბისგან უარი მივიღე. ამან ძალიან გამაკვირვა“, – განაცხადა სერხიო რამოსმა.
შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი მადრიდის „რეალში“ 2005 წელს „სევილიადან“ გადავიდა და ამ დრომდე დაცვის ცენტრში კლუბის შეუცვლელი ფიგურა იყო. „სამეფო კლუბთან“ ერთად რამოსმა 5-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 3-ჯერ უეფას სუპერ თასი და 2-ჯერ კოპა დელ რეი მოიგო.





