საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ თბილისი 2022 წელს ევრობასკეტს და კონკრეტულად E ჯგუფს უმასპინძებს.
15-დან 22 თებერვლის ჩათვლით საქართველოს დედაქალაქს სერბეთის, ფინეთისა და შვეიცარიის ნაკრებები ეწვევიან, რომლებიც საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად ჯგუფის დარჩენილ 2 ტურის 4 მატჩს ე.წ. “ბაბლის” პრინციპით ჩაატარებენ, რაც იზოლირებულ სივრცეში, მაქსიმალური უსაფრთხოებით მატჩების ორგანიზებას გულისხმობს.
თბილისური “ბაბლი” 15 თებერვალს იწყება. ჯგუფის მონაწილე ოთხივე ნაკრები სასტუმრო “თბილისი მერიოტში” დაბინავდება და იზოლაციაში იცხოვრებს. მოთამაშეებსა და გუნდის წევრებს ფიბა-სა და ჩვენი სახელმწიფო რეგულაციების თანახმად პერიოდულად კოვიდ-ტესტები ჩაუტარდებათ და პარალელურად სპორტის სასახლეში ივარჯიშებენ. თამაშები 19 და 21 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლეში, მაყურებლების გარეშე გაიმართება.
ილიას ზუროსმა 19 და 21 თებერვალს, შესაბამისად სერბეთთან და ფინეთთან მატჩებისთვის 16 კალათბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაშავდა და მართალია, მძიმე ტრავმას გადაურჩა, თუმცა უახლოეს პერიოდში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. შენგელია გასულ მატჩებში დიდად დაეხმარა ჩვენს ნაკრებს, თუმცა ამჯერად ტრავმირებულია.
ნაკრებში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ ამერიკაში მოთამაშე ქართველები – ინდიანა პეისერსის ცენტრი გოგა ბითაძე და NCAA-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი. მოგეხსენებათ, ნბა-სა და NCAA-ში გახურებული სეზონია და ამ დროს იქ მოთამაშე კალათბურთელების ნაკრებში თამაში პრაქტიკულად შეუძლებელია.






