საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში თბილისის სპორტის სასახლეში უკრაინის ნაკრები 88:83 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა და შეხვედრა შეაფასა.
“ეს დიდებული მატჩი იყო ქომაგებისთვის, საკუთარ არენაზე გავიმარჯვეთ. თორნიკემ ყველაფერი გააკეთა ამ მატჩის მოსაგებად. შერმადინმა საოცრად ითამაშა. მას ტრავმა ჰქონდა და ახლა კარგ ფორმაშია. ბევრი მოთამაშე გვაკლდა, ბევრმა კი იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ველოდით.
ვიცით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე გრძელი გზაა. უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდი დახმარებაა ნაკრებისთვის, როცა შენგელიას დონის მოთამაშე გუნდშია. ბევრ კალათბურთელს არ აქვს გამოცდილება ასეთ დონეზე თამაშის და როცა უცხოეთიდან ჩამოდიან ლეგიონერები, ისინი ამ კალათბურთელებსა და მთლიანად გუნდს დიდ მუხტს აძლევენ”, – განაცხადა ბერძენმა სპეციალისტმა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ორშაბათს, 29 ნოემბერს სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება.








