სპეციალისტთა და გულშემატკივართა გამოიკთხვის მიხედვითით ის უდიდესი ფეხბურთელია გერმანიის ისტორიაში. გერმანელთა შორის სწორედ მან აღმართა პირველმა მსოფლიო ჩემპიონატის თასი. ეს 1954 წელს შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში მოხდა, როცა გერმანელებმა ფინალურ მატჩში სენსაციურად დაამარცხეს უნგრელი ,,ოქროს ბიჭები“.
ფრიც ვალტერი იყო კაპიტანი გერმანიის ნაკრებისა იმ მსოფლიო ჩემპოიონატზე, სადაც მათ ფავორიტთა შორის არავინ მოიხსენიებდა. მისი სახელი უკავშირდება მხოლოდ ერთ გუნდს – პროვინციულ ,,კაიზერსლაუტერნს“, რომლის სტადიონი მისი სახელობისაა – ,,ფრიც-ვალტერ-შტადიონი“. ის შედის გერმანიის ყველა დროის უდიდეს კაპიტანთა კლუბში – ,,ოთხი კაპიტანი“. კლუბის წევრები ასევე არიან უვე ზეელერი, ფრანც ბეკენბაუერი და ლოთარ მათეუსი, ხოლო 2003 წლის გამოკითხვაში, თუ ვინ იყო გერმანიის ბოლო 50 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ვალტერმა ბეკენბაუერს და თვით ,,საუკუნის ბომბარდირ“ გერდ მიულერს აჯობა.

ფრიც ვალტერს ბევრი გუნდი იწვევდა, თუნდაც ,,ატლეტიკო“ მადრიდის მაგალითი ვახსენოთ. მადრიდელები მაშინდელი დროისთვის რეკორდულ თანხას, 250 ათასს სთავაზობდა ,,კაიზერს“, ხოლო ფეხბურთელს – თვეში 15 ათასს ხელფასის სახით, პრემიებს, მანქანას და ბინას, მაგრამ პროვინციული გუნდის კერპს და მომავალ ლეგენდას ყველა შემოთავაზებაზე ერთი პასუხი ჰქონდა – ,,სახლი სახლია“.
1954 წლის ტრიუმფში ფრიც ვალტერის წვლილი განუსაზღვრელია, და ცოტამ თუ იცის, რომ მთავრმა ,,დამნაშავემ“ ამ დღეს უნგრელთა ,,შავი დღისა”, 1956 წელს საბჭოთა ჯარებისგან ნაგვემი უნგრელები შეიფარა და როგორც მატერიალური, ასევე მორალური დახმარებაც გაუწია. თავად ვალტერი კარგად უწყოდა თუ რას ნიშნავს ადამიანისთვის ძნელბედობის ჟამს მორალური დახმარება. მას ასეთი დახმარება მრავალჯერ განუცდია ზეპ ჰერბერგერისგან – იმჟამინდელი გფრ-ს ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან, ადამიანისგან, რომელიც მას ცხოვრების მრუდე გზაზე შეხვედრილი განსაცდელებისას ყოველთვის გვერდით ედგა.

სწორედ ჰერბერგერმა, მეტსახელად ,,ცბიერი მელა“, ფსიქოლოგიურად მოამზადა გუნდი უნგრეთთან ფინალისთვის, რომელიც იმ წლებში მსოფლიოს დაუმარცხებელი ნაკრები იყო და ჩემპიონობის უპირველესი ფავორიტიც. ,,ცბიერმა მელამ“ ჯგუფში უნგრელებთან სპეციალურად მეორე შემადგენლობა გამოიყვანა და დასავლეთ გერმანელები განადგურდნენ – 8-3, თუმცა ჰერბერგერმა შეგირდები ფინალისთვის ფსიქოლოგიურად შესანიშნავად განაწყო და შედეგიც დადებითი მიიღო – 3:2, გაიმარჯვა გფრ-ს ნაკრებმა.
არსებობს რამდენიმე მიზეზი უნგრეთის ,,დიდი გუნდის“ დამარცხებისა. პირველი – მოწინააღმდეგის შეუფასელბლობა, მეორე – ფერენც კუშკაშის ფინალში ტრავმით თამაში და მესამე – ნესტიანი და წვიმიანი ამინდი. ამ ფინალის შემდეგ გერმანიაში ასეთ ამინდს ,,ვალტერის ამინდი“ შეარქვეს: ფრიც ვალტერი მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა და იქ მალარიით დაავადდა, მას კი თამაში ნესტიან და ნოტიო ამინდში ამის გამო უადვილდებოდა.

ლეგენდის დებიუტი ნაკრებში ბავარიის ნაკრებთან 19 წლის ასაკში შედგა. ზეპ ჰერბერგერს ის ძლიან მოეწონა, თუმცა თამაშის შემდეგ ერთი შენიშვნა მისცა, ,,ფეხბურთს მხოლოდ ქვევით არ თამაშობენ“ და შემდეგ ამხანაგურ შეხვედრაში, უკვე ნაკრებების დონეზე, რუმინეთთან, ვალტერმა სამი გოლიდან ორი თავით გაიტანა. გერმანელებმა 9:3 მოუგეს ბალკანელებს, ეს 1940 წლის 14 ივნისს მოხდა, ხოლო 2 წლის შემდეგ, 1942 წელს მის ანგარიშზე 24 თმაშში უკვე 19 გოლი იყო. ამ წლებში მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა და ფაშისტური გერმანია თავის რიგებში იხმობდა უკლებლივ ყველას, მათ შორის ფეხბურთელებსაც.
ფრიც ვალტერი ომში ტყვედ ჩავარდა და უნგრეთ-უკრაინის საზღვარზე მდებარე ბანაკში გაამწესეს, საიდანაც ერთ დღეს ტყვეები ციმბირში უნდა გადაესახლებინათ. ბედად, მათ შემთხვევით ბურთი ჩაუვარდათ და თამაში წამოიწყეს. აქ, რა თქმა უნდა, ვალტერი ვერავინ გააჩერა და ბანაკის ხელმძღვანელობას მისი თამაში თვალში მოხვდა. გადაწყვიტეს ვალტერი ბანაკის ნაკრებისთვის გამოეყენებინათ. მის წარმომავლობას კი მალავდნენ და ავსტრიელად მოიხსენიებდნენ. ,,მე იმ დღეს რომ არ გამმართლებოდა და ციმბირში მომხვდარიყავი, ფეხბურთში კი არა, ცხოვრებაშიც კი ვეღარ დავბრუნდებოდი“ – წერს ლეგენდა თავის ბიოგრაფიულ წიგნში: ,,თამაშები, რომლებსაც მე არასოდეს დავივიწყებ“.

მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ლეგენდამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ნაკრები დატოვა. მან მხოლოდ ერთხელ, 1955 წელს ითამაშა ერთი შეხვედრა და ყველას ეგონა, რომ ,,ოქროს კაპიტნის” ერა ნაკრებში დამთავრდა, თუმცა ზეპ ჰერბერგერმა თავისი გაიტანა და 37 წლის ფეხბურთელი მაინც დაიყოლია 1958 წლის შვედეთის მუნდიალზე სათამაშოდ.
სკანდინავიური ჩემპიონატის შემდეგ ფრიც ვალტერმა საბოლოოდ დატოვა ნაკრები, თუმცა ჰერბერგერი მას მოსვენებას მაინც არ აძლევდა. ,,ოქროს კაპიტანმა” კარიერის დასრულების შემდეგ რამდენიმე საფეხბურთო წიგნი გამოსცა. წიგნებმა, როგორც მკითხველში, ასევე სპეციალისტებში უდიდესი ინტერესი და, რაც მთავარია, აღიარება ჰპოვა.

,,კაიზერსლაუტერნის” სტადიონს მისი სახელი 1985 წელს დაერქვა. ლეგენდარული ფეხბურთელის ოცნება იყო, რომ ამ სტადიონზე ოდესმე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი გამართულიყო, რაც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესვეურებმა აასრულეს: იტალიისა და ამერიკის ჯგუფური ეტაპის მატჩი წუთიერი დუმილით, სწორედ მის საპატივცემულოდ დაიწყო.





