საბურთალოს ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრებზე ილაპარაკა. ახალგაზრდა სპეციალისტვის კომენტარს 1TV.GE ავრცელებს.
„ნაკრების თამაშები ჩემთვის ძალიან რთული შესაფასებელია, რადგან ზუსტად უნდა იცოდე, ნაკრებში რა სახის პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ მე მხოლოდ ზოგადი შეფასებით შემოვიფარგლები. ფაქტია, ჩვენ რომ გვინდა, ისე ვერაა საქმე და ბოლო შეხვედრებში ჩვენს თამაშებს დადებითად ვერ შევაფასებ. ჩემთვის ნაკრებში ასეთი გამოსვლის ნახვა მტკივნეული იყო“, – ამბობს კორღალიძე.
ახალგაზრდა სპეციალისტის თქმით, გუნდისგან მეტ მუხტს და ემოციას ელოდა.
„ბათუმში მომხდარმა დიდმა ტრაგედიამ ყველა ფეხბურთელზე უარყოფითად რომ იმოქმედა, ეს გასაგებია. მაგრამ მათგან სწორედ ამის გამო უფრო მეტ თავდადებას ველოდი. შეიძლება თამაში არ წაგივიდეს, მაგრამ ჟინი უნდა აჩვენო. სამწუხაროა, რომ ესეც არ იგრძნობოდა“.
ლევან კორღალიძემ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლის მუშაობაზეც ისაუბრა.
„სანიოლის დანიშვნის შემდეგ, მარტის თამაშებში ჩვენმა ნაკრებმა ძალიან დამაიმედა. გუნდს ახალი მწვრთნელის მოსვლა კარგად დაეტყო. იყო მონდომება, ჟინი, თავდადება, და ძლიერ გუნდებს არაფერი დავუთმეთ. მოკლედ, ახალი სისხლი იგრძნობოდა. მაგრამ ბოლო თამაშებში, სამწუხაროდ, არც ხარისხია, არც თავდადება და ასეთ დროს შედეგზე ლაპარაკი წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ლევან კორღალიძემ.
შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში „ბათუმი არენაზე“ საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 ოქტომბერს, სტუმრად კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.






