გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე გუნდმა, „შალკე 04“-მა მაისურებზე რუსულ კომპანია „გაზპრომის“ წარწერას აღარ განათავსებს. ამის შესახებ კლუბმა საკუთარ Twitter-გვერდზე დაწერა.
„ბოლო საათებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, FC Schalke 04-მა გადაწყვიტა კლუბის მაისურებიდან მთავარი სპონსორის, GAZPROM-ის წარწერა ამოიღოს. ის ჩანაცვლებული იქნება წარწერით – Schalke 04.“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინას ომი ოფიციალურად ჩვენი დროით გამთენიისას, 07:00 საათიდან გამოუცხადა. მთელი დღის განმავლობაში რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავს. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია 40-მდე უკრაინელი სამხედრო და ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავებულთა რიცხვი კი რამდენიმე ასეულს აღწევს.








