ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა პირველი არხის ეთერში, გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას საქართველოს ნაკრების ბოლო 3 თამაში შეაფასა.
იაშვილის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასაც სექტემბრის თამაშებიდან უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა.
„რა თქმა უნდა, ამ თამაშების მიმართ ყველას მეტი მოლოდინი ჰქონდა. განსაკუთრებით, კოსოვოსთან, რადგან 3 ქულის მოპოვება გვჭირდებოდა. მაგრამ ჩვენი იდეის მოედანზე გადატანა ვერ შევძელით და ეს შედეგში აისახა. განწყობაზე ვერ დაგეთანხმებით, რადგან ვიცი საქმისა და ქვეყნისადმი ფეხბურთელების დამოკიდებულება და ცდილობენ, რომ მაქსიმუმი გააკეთონ. მაგრამ იმაში დაგეთანხმებით, რომ დავალებებიდან ვერაფერი შევასრულეთ. სამწუხაროდ, კოსოვოსთან წაგება ვერ დავივიწყეთ და მთლიანობაში, სექტემბერში კატასტროფული თამაშები გამოგვივიდა. ჩვენი ამოცანაა, მომხდარი გავაანალიზოთ და ვფიქრობ, ფეხბურთელებიც თვითკრიტიკულები არიან“, – განმარტა იაშვილმა.
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა შემადგენლობი როტაციაზეც ისაუბრა:
„წიტაიშვილს ტრავმების გამო ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა. ამიტომ მისთვის სამ დღეში 2 თამაში ფიზიკურად ძალიან რთული იქნებოდა. რაც შეეხება ექსპერიმენტულ შემადგენლობას, შვედების წინაღმდეგაც ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე დააყენა. მაგრამ როდესაც ცუდია თამაშის ხარისხი და შედეგი, მერე უფრო მეტი ლაპარაკია, რა არის სწორი და რა – არასწორი. ფაქტია, რომ შეცდომები ყველამ დავუშვით, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია სწორი ანალიზი და ოქტომბრის თამაშებისთვის კარგად მომზადება“, – ამბობს იაშვილი.
საუბრის დასასრულს მან კომენტარი რთული მდგომარეობიდან ჭეშმარიტ გამოსავალზეც გააკეთა.
„ჩვენი ნაკრებითვის ძალიან დიდი ძალაა ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი და საბა ლობჟანიძე. მაგრამ თავის მართლებისთვის მიუღებელია იმის თქმა, რომ ესა და ის რომ ყოფილიყო, უკეთესი შედეგი გვექნებოდა. ფაქტია, რომ ვინც სათამაშოდ მზადაა, ყველას გვჯერა.
როგორ უნდა გამოსწროდეს მდგომარეობა? სამწუხაროდ, ფეხბურთში არის მომენტი, როდესაც შეგიძლია, მაგრამ შენს საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენ. ასევე მნიშნელოვანია კონკურენცია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად და უკეთეს ფორმაში იქნება. იმედია, მათ ისინიც დაემატებიან, ვინც ახლა ვერ ითამაშა. ყველა ფეხბურთელს აქვს უფლება, ცუდი თამაში ჩაატაროს. მთავარია, თვითკრიტიკულები იყვნენ და ყველაფერი გააკეთონ, რომ ოქტობერში უკეთესად ითამაშონ“, – აცხადებს ალექსანდრე იაშვილი.
მომზადებულია 1TV.GE-ს მიხედვით.





