თორნიკე შენგელიას ვერ აჩერებენ. მოსკოვის ცსკა-ს ქართველი ფორვარდი ევროლიგის წინა, მე-2 ტურის MVP გახდა და დიდი ალბათობით, იგივე შედეგს გაიმეორებს. დღეს, ევროლიგის მე-3 ტურის მატჩში, არმიელებმა თანამემამულე კლუბს, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” უმასპინძლეს და შენგელია 33 ქულით მატჩის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გახდა.
33 ქულა შენგელიასთვის ევროლიგის რეკორდია. მისი უმაღლესი შედეგი 31 ქულა გახლდათ, რომელიც მან 2 წლის წინ, “ბასკონიაში” თამაშისას ევროლიგაში მიითვალა. დღეს კი “ზენიტთან” 77:67 მოგებულ შეხვედრაში პირადი რეკორდი დაამყარა და რომ იტყვიან, თავის გუნდს პირადად მოაგებინა. სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა ფორვარდმა 36 წუთი ითამაშა, რა დროშიც 33 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თოკომ 16-დან 10 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 11-დან 7 საჯარიმო გამოიყენა. მისმა ქმედების კოეფიციენტმა 37 შეადგინა, რაც მატჩის გაუსაჩივრებლად საუკეთესო შედეგი გახლდათ. შენგელიას შემდეგ ცსკა-ში საუკეთესო შედეგი ვილ კლაიბერნს ჰქონდა – 16 ქულა, 7 მოხსნა.
უდიდესი ალბათობით, მის ამ შედეგს მე-3 ტურში ვეღარავინ გადაფარავს და შენგელია კვლავ MVP გახდება, რაც უდიდესი მიღწევაა ნებისმიერი კალათბურთელისთვის. ცნობისთვის, თავის მრავალწლიან კარიერაში შენგელიას ევროლიგის ეს პრესტიჟული ტიტული 5-ჯერ აქვს მოგებული.
„ზენიტის“ შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა კონერ ფრენკამპმა. მას მწვრთნელმა 8 წუთი არგუნა, რა დროშიც მან 2 ქულა მიითვალა.
სამი ტურის შემდეგ ცსკა-ს ორი მოგება აქვს. მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს სერბული „ცრვენა ზვეზდას“ წინააღმდეგ შინ გამართავს.







