საქართველოსა და უზბეკეთს შორის, 15 ნოემბერს დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ინფორმაციას Crystalsport.ge ავრცელებს.
თავდაპირველად, მატჩი „დინამო არენაზე“ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ფედერაციამ დაპირისპირების რეგიონში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება უზბეკეთთან შეხვედრის მასპინძელ სტადიონს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენა 5000 გულშემატკივარს იტევს და სავარაუდოდ სტადიონზე ტევადობის 33% დაიშვება. აღნიშნული დაპირისპირება პირველი არ იქნება, რომელიც ამ სტადიონზე ჩატარდება. რამდენიმე წლის წინ, გორში საქართველოს ნაკრები ასევე ამხანაგურ შეხვედრაში კვიპროსის ნაკრებს შეხვდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
ცნობისთვის, უზბეკეთთან მატჩამდე ვილი სანიოლის გუნდი 11 ნოემბერს „ბათუმი არენაზე“ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში შვედეთის ნაკრებს შეხვდება.





