ავტორიტეტული რუმინული გამოცემა, GSP.RO საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 2 ივნისს რუმინეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართი ამხანაგური შეხვედრა ჩაშლის პირას იყო.
ჟურნალისტის მტკიცებით, რუმინეთში ჩასულ ქართველ ფეხბურთელებს ვარჯიშისთვის არასათანადო პირობები დახვდათ. ოფიციალური ვარჯიშის დროს მოედნის საფარს გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ჟურნალისტს მტკიცებულებად ვალერიუ რაკიტას სიტყვები მოჰყავს, რომელიც პლოიეშტის სტადიონის ხარისხის სამსახურის უფროსია:
„საქართველოს ნაკრების ოფიციალური ვარჯიშის წინ სტადიონს გარკვეული პრობლემები ჰქონდა. პლოიეშტში ბოლო 3 დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, ამის გამო საფარის მოწესრიგება და ბალახის გაკრეჭა ვერ მოვასწარით.
როდესაც ქართველებმა მოედნის მდგომარეობა ნახეს უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ. ისინი ისე შეხვდნენ ამ ფაქტს, რაც ჩვენს ქალაქში ჩამოსულ დიდ გუნდებსაც კი არ უქნიათ.
რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციას წერილიც კი გაუგზავნეს, რომ თუ მოედნის მდგომარეობა არ გამოსწორდებოდა თვითმფრინავში ჩაჯდებოდნენ და უკან გაემგზავრებოდნენ. მათ ავუხსენით, რომ ეს პრობლემა დროებითი იყო და მატჩის დღეს საფარის მდგომარეობა აუცილებლად გამოსწორდებოდა“, – განაცხადა ვალერიუ რაკიტამ.
შეხვედრა საბოლოოდ მაინც გაიმართა და ის ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, 1:2 დასრულდა.





