საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, ილიას ზუროსის შესახებ ისაუბრა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერძენმა სპეციალისტმა შემოთავაზება ესპანური „ბურგოსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიიღო, რომელიც უარით გაისტუმრა.
ამას მოყვა რამდენიმე ინტერპრეტაცია, მათ შორის ერთ-ერთი იყო, რომ ილიას ზუროსის პასუხზე გავლენა საქართველოს კალათბურთის ფედერაციამაც იქონია, რაც პაატა გურასპაულმა კატეგორიულად უარყო. ფედერაციის პრეზიდენტმა ზუროსის გადაწყვეტილებაზე ასეთი განმარტება გააკეთა:
„ბურგოსი“ ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გუნდია. ის, რომ ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, ესეც დიდი დასტურია ამის და ამ გუნდიდან შეთავაზებაც იმას უსვამს ხაზს, რომ ილიას ზუროსი არის უმაღლესი დონის სპეციალისტი. განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, ესპანეთში არის ერთი კანონი და რეგულაცია – ესპანეთის ლიგაში მოთამაშე გუნდის მთავარ მწვრთნელს არ აქვს უფლება იმუშაოს სხვა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში.
ილიას ზუროსმა ნამდვილად მიიღო „ბურგოსისგან“ შეთავაზება მთავარი მწვრთნელის პოსტზე. რა თქმა უნდა ილიასი დაგვიკავშირდა, თუმცა მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც მან ესპანეთს პასუხი გასცა. ილიას ზუროსს ბევრჯერ უთქვამს ჩვენთვის, რომ საქართველო არის მისი მეორე სამშობლო და ქართული საკალათბურთო სამყარო არის მისი ოჯახი. ჩვენ ასე დაგვიფიქსირა, რომ მისი პასუხი ამ შეთავაზებაზე იყო ძალიან მარტივი და დიდი დრო არ დამჭირვებიაო. მე მაქვს დიდი გამოწვევა, რომელსაც დიდი ხანია ვაკეთებ ჩემს ოჯახთან ერთად, მაქვს ვალდებულებები აღებული და შუა გზაში სამშობლოს და ოჯახს უბრალოდ არ დავტოვებო. აი ეს პასუხი გასცა მან ესპანურ გუნდს.
მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ კალათბურთის ფედერაცია საქმის კურსში ჩადგა სწორედ ამ პასუხის შემდეგ. ჩვენ მისთვის არაფერი გვითქვამს. მისი საქციელი გვაძლევს უფლებას სიამაყის გრძნობით აღვნიშნო, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა უკავია უმაღლესი დონის სპეციალისტს და უღირსეულეს ადამიანს“, – განაცხადა პაატა გურასპაულმა.








