საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლიეტუვას წინააღმდეგ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩში ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა და დამაჯერებლად, 2:0 გაიმარჯვა.
ლიეტუვას წინააღმდეგ გოლები მე-3 წუთზე ვახტანგ ჯვარაშვილმა და 29-ე წუთზე ირაკლი თოდუამ გაიტანეს.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის საგზური მოიპოვა, რაც სპორტის ამ სახეობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ლიეტუვასთან დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრებიც სწორედ ტურნირისთვის მოსამზადებელ ეტაპს უკავშირდება. ავთანდილ ასათიანი კი ამ მატჩებში ძირითად აქცენტს საქართველოს ფუტსალის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებზე აკეთებს.
ქართველი ფეხბურთელები ლიეტუველებს ხვალაც შეხვდებიან. მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.




