საქართველოს 18-წლამდე ნაკრებს ლაშა ფირცხელაშვილი უხელმძღვანელებს.
31 წლის ფირცხალაიშვილი 2011-2013 წლებში „ვიტ ჯორჯიას“ 19 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ, მთავარი მწვრთნელის ასისტენტად 2013-2017 წლებში იმუშავა, 2015 წელს კი თბილისური გუნდის დუბლების თავკაცი იყო.
2017-2019 წლებში „ვიტ ჯორჯია“ მთავარი გუნდი ჩაიბარა, რომელიც 2018 წელს ეროვნულ ლიგაში დააწინაურა. ბოლოს კი ბოლნისის „სიონის“ მწვრთნელის ასისტენტად იმუშავა.
18-წლამდელთა ეროვნული გუნდი, მომდევნო კალენდარული წლიდან 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები გახდება და ოფიციალური შეხვედრების სერიას, 2023 წლის, მალტაზე გასამართი 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.
ლაშა ფირცხალაშვილმა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში დანიშვნის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა:
“პირველ რიგში, გამოჩენილი ნდობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. ნებისმიერ ასაკობრივ დონეზე, ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. დიდი მოლოდინით ველი სამუშაო პროცესის დაწყებას და იმედი მაქვს, რომ თავდაუზოგავი შრომით შევძლებთ დასახული მიზნების მიღწევას.”- განაცხადა ფირცხალაშვილმა

მედიასთან მცირე კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმაც გააკეთა:
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული გუნდების სტრუქტურაში, თავის წარმოჩენის საშუალება ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ მწვრთნელებს მიეცეთ. წარმატება მინდა ვუსურვო ლაშას და მის სამწვრთნელო შტაბს.” – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა






