ხვალ, საქართველოს ფეხბურთლთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩს შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრის დაწყებამდე 24 საათით ადრე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისწინა ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„ბოლო თვეებში ახალ ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი იმიტომ მივეცი, რომ ნაკრებს განახლება ყოველთვის სჭირდება. ახალი თაობიდან საქართველოს ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს და შანსი ყველას სჭირდება. მათ თუ არ გამოვცდით, შესაბამისად, ამ ფეხბურთელების შესაძლებლობებსაც ვერ გავიგებთ.
რაც შეეხება შვედეთთან პირველ შეხვედრას, ამ მატჩში კარგ შედეგთან ძალიან ახლოს ვიყავით. გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა, ეს შანსი მეტოქემ გამოიყენა. ფეხბურთელებმა მარტის შეხვედრებში წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთეს და მათი თავდადებითაც ამაყი ვიყავი. ამის დიდი დრო გავიდა გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, იყო რთული პერიოდიც, მაგრამ ახლა ყველაფერი უკეთესობისკენაა შეცვლილი. წინა მატჩისგან განსხვავებით, ხვალ რადიკალურად განსხვავებული შეხვედრა იქნება – ამაღლებული მოტივაციით და ტაქტიკური დისციპლინით!
მიშვნელოვანია დაცვის ხაზის სწორად თამაში. ამის გარეშე შეტევაშიც ვერ ვითამაშებთ.
გადავწყვიტეთ, რომ თბილისიდან ბათუმში მატარებლით გვემგზავრა, რაც დამღლელი საერთოდ არ ყოფილა. ეს მეტ კომუნიკაციაში დაგვეხმარა, ბევრ თემაზე ვისაუბრეთ და გავარჩიეთ.“ – განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების შეხვედრა ბათუმი არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.








