ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას პირველი მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა.
74 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ავთანდილ კენჭაძე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რუს ბიჟოევს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 8:6 დამარცხდა.
შეხვედრა თავიდანვე ქართველი მოჭიდავის უპირატესობით წარიმართა და მეორე პერიოდის დებიუტშივე კენჭაძე 6:1 დაწინაურდა, თუმცა მცირე უყურადღებობის გამო რუსმა შეხვედრის შემოტრიალება მალევე მოახერხა. ბიჟოევმა ავთო თავისსავე შეტევაზე დაიჭირა და ანგარიში 7:6 გახადა. დაპირისპირების მიწურულს ქართველმა ფალავანმა გამარჯვებისთვის მთელი ენერგია და ძალა ჩადო, შეხვედრის დასრულებამდე 0.2 წამით ადრე მეტოქე ხალიჩიდანაც გაიყვანა და ყველა წესის დაცვით 1 ქულა ჩათვლოდა, თუმცა მსაჯებმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღეს და გამარჯვება მაინც რუს მოჭიდავეს მიანიჭეს.
შესაბამისად, საქართველოს დელეგაციამ მსოფლიო პირველობაზე ოფიციალურ ჩათვლაში პირველი მედალი ვერ აიღო, თუმცა არაოფიციალურად ჩვენი გუნდის ანგარიშზე 1 მედალია. მოგეხსენებათ, 125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა ფინალში გასვლა შეძლო და მინიმუმ ვერცხლის მედალი გაინაღდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში გენო საჭიდაო ხალიჩაზე რამდენიმე წუთში გამოვა.








