დიდი სლემის ტურნირების ხუთგზის ჩემპიონი და ყოფილი პირველი ჩოგანი მარია შარაპოვა ქორწილს აანონსებს. რუსი ლამაზმანი, კარიერის საუკეთესო წლებში, თავისი თამაშით ჩოგბურთის გულშემატკივარს ნამდვილად აღაფრთოვანებდა, ხოლო კორტს მიღმა მამაკაცების ყურადღების ცენტრში ექცეოდა. არავის უკვირს, რომ შარაპოვას გულის მოგებას არაერთი ბიზნესმენი, სპორსტმენი თუ სხვა პროფესიის ცნობადი სახეები ცდილობდნენ. ვიღაცას უმართლებდა, ვიღაც იმედგაცრუებული რჩებოდა.
აი, ალექსანდრ გილკს მართლაც რომ გაუმართლა. არა, იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ აგერ უკვე ორი წელია ბევრისთვის საოცნებო ქალის ბოიფრენდია, ეს პატივი სხვებსაც რგებია. მაგალითად მუსიკოს ადამ ლევინს, კალათბურთელ საშა ვუიჩიჩს და ბულგარელ ჩოგბურთელ გრიგორ დიმიტროვს, მაგრამ უღელი არცერთთან არ დაუდგამს. ალექსანდრ გალკი კი მალა მარია შარაპოვას მეუღლე გახდება.
დიახ, მარია შარაპოვამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ალექსანდრ გალკზე დაინიშნა. „ეს ჩვენი პატარა საიდუმლო იყო. გაცნობის და ჩვენი ურთიერთობის დაწყების დღიდან ვიგრძენით, რომ ამას გვერდს ვერ ავუვლიდით“ – დაწერა შარაპოვამ თავის ინსტაგრამის გვერდზე. მარია შარაპოვას და ბრიტანელ ბიზნესმენს სასიყვარულო ურთიერთობა 2018 წლიდან აქვთ.
შეგახსენებთ, 33 წლის რუსმა ლამაზმანმა საჩოგბურთო კარიერა 2020 წლის დასაწყისში დაასრულა.








