ახლო წარსულში ყოფილი პირველი ჩოგანი მარია შარაპოვა არაერთ მამაკაცს უჩქარებდა პულსს და ასეა ახლაც.
სამეფო სპორტის მილიონობით მოყვარული, განსაკუთრებით ძლიერი სქესის წარმომადგენლები მას უბრალოდ აღმერთებდნენ. რუს ლამაზმანს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და ალბათ შარაპოვაზე ფიქრში ბევრჯერ ოცნებებშიც წასულან.
მარია შარაპოვა რომ შარშან კარიერა დაასრულა არახალი ამბავია. ბოლო დროს ის კორტზე სათანადოდ მძლავრად ვეღარ გამოიყურებოდა და ჩოგნის გვერდზე გადადება გადაწყვიტა. ისე, ყოფილი რუსი ჩოგბურთელი სპორტული კარიერის პარალელურად სხვა არაერთი საქმიანობითაც იყო დაკავებული. ბიზნესი, სარეკლამო გადაღებები და ა.შ. სულ ცოტა ხნის წინ კი მან ბრიტანელ ბიზნესმენზე ოფიციალური ნიშნობის შესახებაც განაცხადა.
მიუხედავად კარიერის დასრულებისა, ის მედიის ყურადღების ცენტრში მაინც ექცევა და ჟურნალისტები მისი ცხოვრების წესით, წარსულით და აწყმოთი ინტერესდებიან.
„28 წლის მანძილზე ჩოგბურთის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი. მე სპორტსმენი ვიყავი და ყოველდღიურად საათობით ტიტანურად ვშრომობდი. ვხვეწდი ტექნიკურ მონაცემებს და ვცდილობდი ფიზიკურად ძლიერ კონდიციაში ვყოფილიყავი.
მიუხედავად ამისა, თავს მხოლოდ ჩოგბურთელად არასოდეს მივიჩნევდი. ვგრძნობდი, რომ ჩემში რაღაც სხვაც იყო შერწყმული. ჩემი პიროვნება სპორტსმენობაზე მეტი იყო. მე მუდამ ვინტერესდებოდი მსოფლიოთი, არქიტექტურით, კულტურით და ბიზნესით.
კარიერის დასრულების შემდეგ გაცილებით დიდი დრო გამომიჩნდა, რათა ჩემს ინტერესებს და მისწრაფებებს ხორცი შევასხა. ეს ეხება მაგალითად როგორც სამზარეულოში ფუსფუსს და სხვადასხვა კერძების მომზადებას, ასევე ბიზნესში წინსვლას და ინვესტიციების მოზიდვას.
ბიზნეს ლედი, ლამაზი ქალი, ყოფილი სპორტსმენი თუ კიდევ სხვა რამ? ნებისმიერ შემთხვევაში ვცდილობ ერთი ადგილი არ ვტკეპნო და განვვითარდე“ – ამბობს მარია შარაპოვა.








