მადრიდის „რეალის“ ქომაგებს შეუძლიათ შვებით ამოისუნთქონ. მათი გუნდის ლიდერი და კაპიტანი სერხიო რამოსი სამეფო კლუბში რჩება. ამის შესახებ რამდენიმე პოპულარული ესპანური გამოცემა იუწყება.
რამოსთან დაკავშირებული საგა უკვე თვეებია გრძელდება. ფეხბურთელს და გუნდის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს შორის მოლაპარაკებები თითქოს ჩიხში იყო შესული, მაგრამ ვითარება შეიცვალა.
შეგახსენებთ, სერხიო რამოსი დარჩენის სანაცვლოდ ხელფასის მომატებას ითხოვდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმავე ანაზღაურებაზე ანუ წელიწადში 12 მილიონი ევროს მიღებაზე დათანხმდა. უფრო მეტიც – კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის გამო მას ხელფასიდან 10 პროცენტი დაექვითება.
სერხიო რამოსი „რეალის“ რიგებში 2005 წლიდან თამაშობს და გუნდის სული და გულია. ვრცელდებოდა ცნობები, რომ თუ ის მადრიდიდან აბარგებას მაინც გადაწყვეტდა, მაშინ „პსჟ“-ს მაისურს მოირგებდა, თუმცა ყველაფერი „რეალისთვის“ და მისი ქომაგებისთვის სასიკეთოდ დასრულდა.





