საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“ კრიზისი გრძელდება. ამ შემთხვევაში, ეროვნულ ლიგაში არცთუ ისე დამაჯერებლად ასპარეზობას არ ვგულისხმობთ.
გეცოდინებათ, ამას წინათ, კლუბი პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დატოვა და დაფინანსება შეწყვიტა. მანამდე კი იყო, მთავარი მწვრთნელის ლევან კორღალიძის მწვავე განცხადებები, რომელიც თბილისის „დინამოსთან“ წაგებული მატჩის (3:4) შემდეგ გააკეთა. კორღალიძე იმ მატჩის მთავარ არბიტრს დაუპირისპირდა და მას მიკერძოებაში ადანაშაულებდა.
მაშინ, პრაიმსპორტთან ინტერვიუში ლევან კორღალიძემ აღნიშნა, რომ არ გამორიცხავდა საერთოდ ფეხბურთიდან წასულიყო და ასეც მოხდა. ყოველშემთხვევაში, ის უკვე „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ეროვნული ლიგის მერვე ტურში, „საბურთალომ“ ქობულეთის „შუქურა“ ვერ დაამარცხა. მატჩი ფრედ 2:2 მორჩა. გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებაც ლევან კორღალიძემ სწორედ ამის შემდეგ მიიღო.





