იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საბა ინანეიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა +100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალში უნგრელი რიჩარდ სიპოჩი ვაზარით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ საბას დედა ემიგრანტია, იტალიაში 5 წლის წინ წავიდა და ოჯახს ფინანსურად ეხმარება. გვანცა ჭანტურიძემ შვილი 5-წლიანი პაუზის შემდეგ ნახა და მას დარბაზიდან უგულშემატკივრა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდმა ამ ამბავს სტატია მიუძღვნა და გვანცა ჭანტურიძისა და საბა ინანეიშვილის კომენტარები გამოაქვეყნა.
გვანცა ჭანტურიძე:
“ჩემი შვილის კარიერას დიდი ყურადღებით ვაკვირდები. ყოველთვის, როდესაც ტურნირს იგებს, მირეკავს და მეუბნება, რომ ეს გამარჯვება მე მეძღვნება. დისტანციის გამო, სიყვარული ყოველთვის მტკივნეული და რთულია, მაგრამ ცხოვრება მძიმეა და როცა რესურსი არ გაქვს, დედამ თავი უნდა გაწიროს, რადგანაც შვილზე უკეთესი არაფერია.”
საბა ინანეიშვილი: “ტელეფონით საუბარსა და საკუთარი თვალებით ნახვას შორის დიდი სხვაობაა. მე ეს ოქროს მედალი მისთვის მოვიგე.”
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველომ 4 ოქროს მედალი მოიპოვა.





