რუსეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ რუსლან ნიგმატულინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, 46 წლის ნიგმატულინის თქმით, შარშან მას “ნაპოლიდან” პირადად დაუკავშირდნენ ხვიჩასთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის, მაგრამ გარიგება არ შედგა.
მოსკოვის “ცსკა-ს”, “სპარტაკისა” და “ლოკომოტივის” ყოფილი გოლკიპერი ხვიჩას ურჩევს, რომ კარიერის გასაგრძელებლად არა იტალიის ჩემპიონატი, არამედ გერმანიის ბუნდესლიგა აირჩიოს.
“ხვიჩას შესახებ გასულ ზაფხულს ნაპოლიდან პირადად დამიკავშირდნენ. მათ შორის იყო 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი იტალიის ნაკრების რიგებიდან. თუმცა, რუბინმა ძალიან მაღალი ფასი მოითხოვა 20 მილიონი ევრო. შედეგად, ყველაფერი სწრაფად დასრულდა. ვინ არის ეს მსოფლიოს ჩემპიონი, გვარს არ დავასახელებ. ხვიჩას ვურჩევდი, რომ არა სერია A-ში, არამედ ბუნდესლიგაში გადავიდეს. მაგალითად “დორტმუნდში”, ამ გუნდს უფრო მოუხდება”, – თქვა ნიგმატულინმა.
რუსლან ნიგმატულინს საფეხბურთო კარიერაში იტალიაშიც უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. ბოლო ინფორმაციით, მისთვის ბრძოლაში “იუვენტუსი” და “ტოტენჰემი” იყვნენ დაწინაურებული, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 კვირით ადრე, ჯერჯერობით, კვარაცხელია ისევ “რუბინის” ფეხბურთელია.





