ხვიჩა კვარაცხელია კვლავ რჩეულთა შორის არის. გაგიკვირდათ? ალბათ არა, რადგან ქართველი ფეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგის ამა თუ იმ ტურის სიმბოლურ ნაკრებში სისტემატიურად ხვდებოდა და ამ ჯილდოს ნივთები შესაძლოა სახლის კარადაშიც აღარ ეტეოდეს.
ამჯერად კი საუბარი უფრო მნიშვნელოვანზეა. კერძოდ კი რუსეთის პრემიერლიგის პირველი წრის საუკეთესო თერთმეტეულზე, სადაც ჩვენებურის ადგილიც გამოინახა.
mk.ru რუსეთის მასშტაბით საკმაოდ ავტორიტეტული საფეხბურთო ვებგვერდია. სწორედ მათ მიერ გამოვლენილ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა საქართველოს ნაკრების ტალანტი.
„ხვიჩა კვარაცხელიას გვერდს ვერ ავუვლიდით. ის არა მხოლოდ რუსეთის ჩემპიონატის, ზოგადად ევროპის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიგვაჩნია. მისი აზარტი, სისწრაფე, გამჭრიახობა და დრიბლინგი ბევრს აღაფრთოვანებს. პირველ წრეში მან რუბინისთვის ბევრი გააკეთა და სანტრანსფერო ფასიც გაიზარდა. ალბათ არაერთ ევროპულ გუნდს მოუნდება მისი გადაბირება“ – აღნიშნავს პოპულარული რუსული გამოცემა.
სხვათა შორის, mk.ru-მ ექსპერტად ცნობილი რუსი მწვრთნელი და თავის დროზე ქართველი ფეხბურთელების კარგად მცოდნე ვალერი გაზაევიც მიიწვია და სიმბოლური ნაკრების შედგენა მასაც სთხოვა. ვალერი გაზაევის შედგენილ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას ადგილი არ გამოინახა.
ხვიჩა კვარაცხელიამ, რუსეთის პრემიერლიგის პირველ წრეში, „რუბინის“ რიგებში 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა და 3 პენალტიც მოინადავლა.





