ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში, ლიონელ მესის გარეშე მყოფბა „ბარსელონამ“ გასვლაზე „ელჩეს“ 2:0 მოუგო და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე დამკვიდრდა. შეგახსენებთ, არგენტინელი ფორვარდი 2 მატჩით დისკვალიფიცირებულია და გუნდსაც ამიტომ ვერ ეხმარებოდა.
ბლაუგრანას რიგებიდან გოლები პუჩისმა და დე იონგმა გაიტანეს. ამ გამარჯვებით კატალონიურმა გრანდმა 37 ქულა დააგროვა, თუმცა ლიდერ ატლეტიკოს მთელი 10 ქულით ჩამორჩება.
მოგებით თავისთავად კმაყოფილი იყო რონალდ კუმანი და საჩემპიონო შანსებიც შეაფასა.
„ჯერ დაკარგული არაფერია. დიახ, თითქოს 10 ქულა დიდი სხვაობაა, მაგრამ რეალურად ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა შესაძლებელია.
ელჩესთან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. მეტოქეზე ერთი თავით მაღლა ვიდექით, რაც შედეგშიც აისახა. როდესაც მთელი გუნდი დაცვაში დგას, გოლის გატანა რთულია. მოხარული ვარ, რომ დაცვის ზღუდეები გავარღვიეთ და საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ.
პრესინგი და უბურთოდ თამაშიც კარგად გამოგვივიდა. შევაქებ ტერ შტეგენსაც, რომელმაც პირისპირ გასულ მეტოქე ფეხბურთელს გოლი არ გაატანინა“ – ამბობს კატალონიური გრანდის დამრიგებელი.





