ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი როგორც მოსალოდნელი იყო „ბაიერნის“ სრული უპირატესობით წარიმართა. უკვე რა ხანია, გერმანიის ჩემპიონატში მიუნხენური გრანდი დომინირებს და რეკორდმაისტერიც ვერცხლის სასალათეს არავის უთმობს.
ასე მოხდა ამჯერადაც და „ბაიერნის“ გაჩემპიონებაზეც სათქმელი ბევრი არაფერია, მაგრამ აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ რობერტ ლევანდოვსკის გასაოცარი შედეგიანობა. მიუხედავად იმისა, რომ პოლონელ ფორვარდს მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო გარკვეული ხანი გაუცდა, მან მაინც შეძლო და ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი დაამხო.
ბუნდელიგის ბოლო ტურში „ბაიერნმა“ შინ „აუგსბურგი“ მიიღო და 5:2 გადაურბინა. მატჩის მიწურულს თავისი გოლი გაიტანა რობერტ ლევანდოვსკიმაც და სწორედ აქ დაფიქსირდა უნიკალური მიღწევაც. პოლონელ შემტევს 41 გოლი დაუგროვდა და დიდებული გერდ მიულერის მიღწევაც გადაფარა, რაც ერთ სეზონში გატანილ გოლებს გულისხმობს.
გერდ მიულერის რეკორდი 49 წლის მანძილზე ხელშეუხებელი იყო (40 გოლი ერთ სეზონში) და ის სწორედ ლევანდოვსკიმ დაამსხვრია.
ჯამში კი 32 წლის პოლონელი ფორვარდის ანგარიშზე ბუნდესლიგაში გამართულ 350 მატჩში, 277 გოლია.





