2023 წელს, საქართველო რუმინეთთან ერთად ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს რომ უმასპინძლებს არახალი ამბავია. ქართული ფეხბურთისთის ეს მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტია.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა „ტაიმაუტში“, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ ამ საკითხზე ისაუბრა და ყურადღება სიხარულთან ერთად, თავის წუხილზეც გაამახვილა.
„ფეხბურთს საერთოდ სხვა დონეზე სჭირდება დახმარება. თუ გვინდა, რომ სიმაღლეებზე ავიდეთ და გავიხაროთ, იმაზე მეტი გვერდში დგომაა საჭირო, ვიდრე ახლაა. არ ვამბობ, რომ სახელმწიფო ან ფეხბურთის ფედერაცია არ ცდილობენ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
ბედნიერებისგან რა მექნა აღარ ვიცოდი, რომ გაირკვა საქართველო და კერძოდ ბათუმი ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებდა. 2023 წელს დიდი საფეხბურთო ზეიმი გველის, მაგრამ ჩემი სიხარული ამის გარდა კიდევ ერთ რამეს უკავშირდებოდა. ქობულეთის „შუქურას“ სტადიონს. წარმოგიდგენიათ, ჩემი სახელობის სტადიონია და იქ შესვლა არ მინდა, მრცხვენია. ფეხბურთის თამაში კი არა, თავმოყვარე საქონელი არ შევა იქ საბალახოდ.
ვიცით, რომ ბათუმი ფინალს და სხვა მატჩებსაც უმასპინძლებს. გადაწყდა, რომ ქობულეთის სტადიონს ევროპის ჩემპიონატში მონაწილე გუნდები სავარჯიშოდ გამოიყენებენ. ამიტომაც, აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება „ჩელე არენას“ სრულფასოვანი რეკონსტრუქცია ჩაუტაროს. უმაღლეს ლიგაში ვართ და ზესტაფონში ვთამაშობთ. ეს არ გვეკადრება“ – აღნიშნავს რევაზ ჩელებაძე.





