საქართველოს პირველი არხთან ინტერვიუში თბილისის “დინამოს” ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ სექტემბრის სანაკრებო თამაშებზე და ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა:
“სანამ ქვეყანა არ დადგება ფეხზე, ჩვენი ფეხბურთი სულ ამ დღეში იქნება. ამ სფეროში ჩადებული მიზერით პატარა ბიჭები რომ იზრდებიან, ყველას გაქცევა უნდა. ჩვენს შემდეგ დამთავრდა არველაძეებისა და ქინქლაძის თაობა და თითოოროლა ფეხბურთელია. ტოპ კლუბში ვინმე გვყავს? ან ძალიან დაბალი დონის გუნდებში თამაშობენ, ზოგან კი შემადგენლობაში ვერ ხვდებიან.
ვინც მაგარია, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და ლობჟანიძე, რომელმაც ბოლოს ძალიან მოუმატა, ტრავმირებულები არიან. ამ კუთხით სანიოლიც ცუდ მდგომარეობაშია, ვისაც უნდა ეთამაშა, არ ჰყავდა. თუმცა, ერთი „რუბინშია“, მეორე ბელგიის გუნდში, მესამე თურქეთის რომელიღაც გუნდში. ტოპ კლუბში ფეხბურთელი არ გვყავს.
საფეხბურთო ბაზარზე ჩვენს მოთამაშეებზე მოთხოვნა არ არის. ნორმალურ ხელფასებს ვერ უხდიან, ბაზები არ გვაქვს. ეს ფეხბურთის ფედერაციაც ცოდოა, სახელმწიფომ უნდა მისცეს თანხა, რომ ბაზები აშენდეს. თორემ უკან და უკან მივიწევთ. ქობულეთში ჩემი სახელობის სტადიონია, მაგრამ თუ არ გაკეთდა, არ მინდა, ჩემი სახელი რომ ჰქონდეს. იმიტომ, რომ მრცხვენია, ყანაა. მესამე წელია თამაში არ ტარდება და ასეთი „ჩელე-არენა“ არ მინდა”,- განაცხადა ჩელებაძემ.





