ცნობილი იტალიელი საფეხბურთო ექსპერტი, ჯანი დი მარციო ადგილობრივ რადიო – TMW Radio-სთან ინტერვიუში, მისი ხედვით გამორჩეულ 5 ტალანტს ასახელებს, მათ შორის ერთ-ერთი კი საქართველოს ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელიაცაა.
როგორც ჩანს დი მარციო 19 წლის ფეხბურთელს აქტიურად აკვირდება და მის მიმართ საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს:
„2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის საკმაოდ ნიჭიერი თაობა მოდის. დავიწყებ პორტუგალიელი ტომას ტავარესით, რომელიც ამჟამად „ალავესში“ თამაშობს. ჯერჯერობით მარჯვენა მცველია, თუმცა მას აქვს ბრწყინვალე ფიზიკური მონაცემები და ორივე ფეხით თამაშიც შეუძლია. ამავდროულად, ის საკმაოდ ტექნიკურიცაა და მასში ცენტრალური მცველის პოტენციალსაც ვხედავ.
შემდეგი არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელია. ძალიან ნიჭიერია და ფანტაზიის შესანიშნავი უნარიც აქვს. ფიზიკური მონაცემებიც კარგი აქვს. ის ცოტათი ზიელინსკისაც მაგონებს (ნაპოლის ფეხბურთელი). სივრცეებს ძალიან კარგად პოულობს, აქვს კარგი დარტყმა და დაცვაშიც საკმაოდ პროდუქტიულად თამაშობს. ტუილად არ მომხდარა, რომ ფიფამ ხვიჩა ევროპის მასშტაბით 50 საუკეთესო ტალანტს შორის დაასახელა.
მომდევნო არგენტინელი პედრო დე ლა ვეგაა, რომელიც „ლანუსში“ ასპარეზობს. იგი საკმაოდ კარგი გარემარბია, რომელიც მარცხენა ფლანგზე თამაშობს, თუმცა მარჯვნივაც შეუძლია გადმოსვლა. მას დიდი ფეხბურთის თამაშის ბრწყინვალე პოტენციალი აქვს. ცოტათი მერტენსსაც მაგონებს.
ძალიან მომწონს „ეიბარის“ ბრაიან ხილიც. მარცხენა ფლანგზე კარგად თამაშობს, მეორე სართულზეც შესანიშნავად გამოიყურება.
და ბოლოს, მარკოს პაულო, რომელიც „ფლუმინესეში“ გამოდის. ცენტრალური თავდამსხმელი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბრაზილიურ კლუბში მისი კონტრაქტი 2021 წელს იწურება და „ფლუმინესე“ მის შენარჩუნებას ყველანაირად ცდილობს, მაგრამ, არ ვიცი რამდენად გამოუვათ. ვიცი, რომ „ინტერს“ ძალიან უნდა მისი დამატება, ვნახოთ, რა იქნება.“
ცნობისთვის, ჯანი დი მარციომ, რომელიც თავის დროზე „ნაპოლისთვის“ აქტიურად ეძებდა ტალანტებს, ფეხბურთის უგვირგვინო მეფე, დიეგო მარადონა აღმოაჩინა. როდესაც დიეგო 10 წლის იყო, დი მარციო იტალიურ პრესაში აქტიურად საუბრობდა მის სარგებლიანობაზე. მოგვიანებით, მარადონა „ნაპოლიში“ მაინც გადმოვიდა და კლუბს იტალიის სერია A-ც მოაგებინა.






