ეროვნული ლიგის 19-ე ტურის შეხვედრაში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქუთაისის “ტორპედომ” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა. ბათუმელებს პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა ჰქონდათ და ორბურთიანი სხვაობითაც იგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში ტორპედომ მეტოქეს ორი გოლი გაუტანა და თამაში ფრედ 2:2 დაასრულა.
ტორპედოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად დაბრუნდა კახა ჩხეტიანი, ხოლო ბათუმელთა რიგებში ითამაშა შეცვლაზე გამოსულმა ფლამარიონ ჯოვინომ.
თამაში თავიდანვე ბათუმელთა უპირატესობით დაიწყო. მე-2 წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა საჯარიმოში პასი ლუკას გროცურეკს გაუკეთა, რომელმაც კარის წინ მყოფი გიორგი ფანცულაია მოძებნა, მან მეტოქის კარი ადვილად დალაშქრა და ამ სეზონში მე-9 გოლი გაიტანა. “დინამოს” უპირატესობა პირველი ტაიმის მიწურულს გაიზარდა. ამჯერადაც გროცურეკმა იაქტიურა და მისი პასის შემდეგ გრიგალაშვილმა ავტოგოლი გაიტანა და პირველი ტაიმი გეგუჩაძის გუნდმა 2:0 მოიგო.
მე-2 ტაიმში კახა ჩხეტიანის გუნდმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და ჩამორჩენის აღმოფხვრაც მოახერხა. 64-ე წუთზე სტუმართა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი გოლად ოლეგ მამასახლისმა აქცია და სხვაობა შეამცირა. 3 წუთში ტორპედომ ანგარიში გაათანაბრა ლაზარე კუპატაძეს კარი ამჯერად ფადი ზიდანმა დალაშქრა, რომელმაც ბათუმელთა მცველს გაგოშიძეს გვერდი იოლად აუარა და ეფექტური გოლი ჩაიწერა აქტივში. ბოლო წუთებში დინამო ბათუმი უპირატესობას დაეუფლა და საგოლე მომენტებიც შექმნა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჯოვინო ფლამარიონი გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ ბრაზილიელს ჰამზიჩმა აჯობა. ქუთაისელთა მეკარემ 2 წუთში ისევ დამაჯერებლად ითამაშა და ტორპედოს ქულა გადაურჩინა.
ეროვნულ ლიგაში ბათუმის “დინამოს” 39 ქულა აქვს და პირველ პოზიციაზეა, ქუთაისის ტორპედო კი სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-7 ადგილზეა. გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 ივნისს, ბათუმში ქობულეთის შუქურასთან გამართავს, “ტორპედო” კი იმავე დღეს თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს.





