გამოჩენილი იტალიელი ფეხბურთელი, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გმირი, პაოლო როსი 10 დეკემბერს მძიმე სენის შედეგად გარდაიცვალა. როსი, უკანასკნელ გზაზე ასობით ადამიანმა გააცილა, მათ შორის ცნობილმა მოქმედმა თუ ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელა.
დაკრძალვის დღეს კი ისეთ სულმდაბალ ქმედებას ჰქონდა ადგილი, სიტყვებით გადმოცემა რომ ძნელია. მაშინ, როდესაც ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის კუბო ქალაქ ვიჩენცაში, „რომეო მენტის“ სახელობის სტადიონზე ესვენა, შემდეგ კი სასაფლაოსკენ გაასვენეს, მავანნი პაოლო როსის სახლში შევიდნენ და გაქურდეს.
როგორც იტალიური გამოცემა Football Italia იუწყება, სახლიდან წაღებულია როსის პირადი ნივთები, მათ შორის როსის მაჯის საათი და სხვა ძვირფასი ნივთები. ის, რომ სახლი გაქურდული იყო, პირველმა პაოლო როსის მეუღლემ აღმოაჩინა, როდესაც დაკრძალვიდან შინ დაბრუნდა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო და მიმდინარეობს ქურდების სამძებრო ოპერაცია.
1982 წლის მუნდიალზე, პაოლო როსი 6 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და იტალიელთა წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. როსის ბენეფისან იქცა ბრაზილიასთან დაპირისპირება, რომელშიც ჰეთთრიქი შეასრულა და გატანილი გოლით თავი გერმანიასთან ფინალურ მატჩშიც გამოიჩინა.
1982 წელს პაოლო როსი ოქროს ბურთის მფლობელი გახდა.





