სკუადრა აძურა 3 წელია აღარ აგებს. იტალიის ნაკრებს შესაშური სერია აქვს და ეს მას შემდეგ, რაც მთავარ მწვრთნელად რობერტო მანჩინი მოვიდა.
იტალიის ნაკრებს ამ ეტაპზე არ ჰყავს გამორჩეული და გამოკვეთილი ვარსკვლავი, მაგრამ მანჩინის შეგირდები ერთ მუშტად არიან შეკრულნი და ევროპის ჩემპიონატზეც დიდებულად ითამაშეს. ყოველშემთხვევაში ასე იყო ფინალამდე, ხოლო რა იქნება 11 ივლისს უემბლიზე ამას სულ მალე გავიგებთ.
მანამდე კი რობეტო მანჩინიმ პრესკონფერენცია გამართა და ინგლისის წინააღმდეგ მოახლოებულ ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ჩემს ფეხბურთელებს უკვე შეუძლიათ იამაყონ, რადგან ფინალში გასვლა შესანიშნავი მიღწევაა. ბუნებრივია, ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ. წარმატებად მხოლოდ ჩემპიონობა ჩაითვლება.
ცუდია, რომ უემბლიზე ბევრი ქომაგი არ გვეყოლება. ტრიბუნებზე მხოლოდ 1100 იტალიელი გულშემატკივარი გაგვამხნევებს.
ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება მეტოქეს მკაცრი პრესინგი შევთავაზოთ. თუ ინგლისელებთან ეს მოვახერხეთ, მაშინ მატჩში ლიდერობასაც შევძლებთ. ეს იქნება ბრძოლა ბოლო წუთამდე.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ფინალში გასვლა კარგია, თუმცა ამით არ დავკმაყოფილდებით. რეალურად, ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერია. მათ დაამტკიცეს, რომ აქამდე შემთხვევით არ მოსულან.
ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნება უნდა მიიღო, მაგრამ ამავდროულად არც კონცენტრაცია დაკარგო. ყველა მატჩში დომინანტი ვერ იქნები“ – ამბობს რობერტო მანჩინი.





