დღეს საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედალი შემატა. 24 წლის სპორტსმენმა წარმატებული ასპარეზობის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველ-უკრაინელი სპორტსმენის სიტყვებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს:
„უღრმესი მადლობა საქართველო, უღრმესი მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომელსაც ჩემზე გული შესტკიოდა. ვეცადე, მაქსიმალურად დავხარჯულიყავი. სამწუხაროდ, ტრავმამ არ მომცა პოტენციალის სრულად გამოვლენის შესაძლებლობა.
ტრავმა 5 დღის წინ მივიღე , თუმცა ექიმ გიორგი ჭინჭარაულის და ზურას დახმარებით შევძელი გამოსვლა და ამ კილოგრამების აწევა.
ყველაფერი გავაკეთე, რომ საქართველოს მედალი მოეპოვებინა. თავს სხვა რამის უფლებას არ მივცემდი.
მუხლიც, რომ მომტეხვოდა, ყველაზე სერიოზული ტრავმაც რომ მიმეღო, საქართველოსთვის მედალი აუცილებლად უნდა მომეპოვებინა.
მინდა ჩვენს ფედერაციას უღრმესი მადლობა გადავუხადო. ჩემს მწვრთნელებს, რომლებიც ჩემში სულს დებენ. რაც შეიძლება ყველაფერს დებენ იმისთვის, რომ საქართველოსთვის უმაღლესი რეზულტატი მოვიტანო.
მომდევნო ოლიმპიადაზე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს ოქროს მედალი მოვუპოვო.” – განაცხადა პლესნოიმ.





