ყაზანის „რუბინმა“ დღეს კიდევ ერთი ტესტ-მატჩი გამართა, ამჯერად „ხიმკის“ წინააღმდეგ და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლის ავტორი ხვიჩა კავარაცხელია გახდა, რომელმაც თავი 90-ე წუთზე გამოიჩინა.
20 წლის ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
„ყველაზე მთავარი გამარჯვებაა. დღეს ბევრი მომენტი შევქმენით, რომლებსაც ვერ ვიყენებდით. გავაგრძელებთ მუშაობას, რუსეთის პრემიერლიგის დაწყებამდე ჯერ კიდევ რჩება დრო.
სეზონისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. ვფიქრობ, ყველაფერი გამოგვივა.
„ხიმკიმ“ მეორე ტაიმში შემადგენლობა არ შეცვალა, რის გამოც უფრო დაიღალნენ, ვიდრე ჩვენ. მეორე ნახევარში თავისუფლად ვთამაშობდით და შედეგიც სახეზეა“, – განაცხადა კვარაცხელიამ.
ლეონიდ სლუცკის გუნდი მომდევნო ტესტ-მატჩს მოსკოვის „სპარტაკის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.





