დღეს, საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ზე მეორე შეხვედრას გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი გრონინგენში, მარტინი პლაზაში ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფლეი-ოფში თამაშს გაინაღდებს.
გუშინ, ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩის მასპინძელ დარბაზში ივარჯიშეს, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა:
„მოწინააღმდეგე ძალიან ძალისმიერი და ტექნიკურად გამართული გუნდია, რომელიც ხშირად იყენებს მეხუთე მოთამაშის უპირატესობას. ვარჯიშებზე ვამუშავებთ ტაქტიკას, რომელსაც მათ დავუპირისპირებთ. უეფას რეიტინგში ბოსნია-ჰერცეგოვინა ჩვენზე წინაა. საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელი ჰქონდათ საკვალიფიკაციო ეტაპზე. პირველი ადგილი დაიკავეს ისეთ ძლიერ ჯგუფში, სადაც რუმინეთი და სერბეთი ჰყავდათ. საქმე ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს, თუმცა ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სუსტი მოწინააღმდეგე გამორიცხულია. ასეთ დონეზე ყველა თამაში ძალიან მაღალი დონისაა. ვიცი, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი და თამაშის საწყისი წუთები ბევრ რამეს გვიჩვენებს. ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად მზად ვართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ბრძოლისუნარიანობას მოედანზე. ასე რომ, არც ერთი მილიმეტრი არ უნდა დავუთმოთ მეტოქეს. ვფიქრობ, გვაქვს შანსები, რომ ვიფიქროთ წარმატებაზე. ძალიან რთული იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შევძლოთ. საბედნიეროდ ტრავმები არ გვაქვს და თითქმის იგივე შემადგენლობა გვექნება, რაც აზერბაიჯანის წინააღმდეგ იყო. ფსიქოლოგიურად გუნდი ძალიან კარგ მდგომარეობაშია. აქამდე მოვედით და ეს უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. თუ კიდევ უფრო მეტს შევძლებთ, მეტად გასახარი იქნება. კარგი განწყობაა და გუნდში ზედმეტი დაძაბულობა არ არის. მხოლოდ ის იგრძნობა, რომ ყველას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს და მაქსიმუმის არ გაკეთების შემთხვევაში შედეგის მიღწევა ძნელი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპინატზე პირველი შეხვედრა 22 იანვარს, აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 3:2 დაამარცხა.







