ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში გვიან ღამით დაბრუნდნენ. ქართველ ფალავნებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელები და ოჯახის წევრები დახვდნენ.
თბილისში დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი ევროპის ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა რუსთავი 2-ზე, გადაცემა „სპორტის საათის“ ეთერში გააკეთა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის გულით, ემოციურად გვიდგას გვერდში. გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო შედეგი გავაკეთეთ და პირველი ადგილი ავიღეთ. რაც შეეხება ჩემს გამოსვლას, შევაფასებდი ძალიან დადებითად. ყველაფერი გავაკეთე ოქროს მედლის მოსაპოვებლად. ბექა ღვინიაშვილთან დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული იყო. ქართულ ფინალს ყოველთვის თავისი დატვირთვა აქვს. ძალიან რთული და ემოციური იყო“, – განაცხადა ლაშა ბექაურმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ლისაბონში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 5 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონი 90 წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა. ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. გურამ თუშიშვილი კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.








