უკვე 1 თვეზე მეტია, რაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი უგუნდოდ არიან. მათ ამერიკულ „სან ხოსესთან“ კონტრაქტი 2020 წლის მიწურულს ამოეწურათ და ამერიკულ კლუბთან ხელშეკრულება აღარ გაახანგრძლივეს.
საკუთარ მომავალზე გურამ კაშიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „ტაიმაუტში“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული წინადადებით არცერთ გუნდს მიუმართავს.
„მეც და ვაკო ყაზაიშვილსაც კონტრაქტი დაგვიმთავრდა. კლუბმა გახანგრძლივება არ ისურვა და გუნდი დავტოვეთ. მართალი გითხრათ, კარგი დრო გავატარეთ. ხალხს ჰგონია, რომ ამერიკაში მაღალი დონის ჩემპიონატი არაა, რასაც არ ვეთანხმები, საკმაოდ კარგი ჩემპიონატია და კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. დარჩენა მსურდა, მაგრამ ასე მოხდა და ვეძებთ რამე ახალს.
ჯერ კონკრეტული არაფერია, რადგან პანდემიის გამო რთული პერიოდია და კარგი გუნდის მოიძებნა ძალიან რთულია. ევროპაში ბევრი გუნდი ფინანსურად შეზღუდულია, მით უმეტეს ნიდერლანდებში, სადაც ჩემი მეორე სახლია. იქ ვცდილობ გუნდი პოვნას, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია. პირველი წრე ერთი კვირის წინ დასრულდა და მოლოდინის რეჟიმში ვარ.“
არაფერს გამოვრიცხავ. სულ მქონდა სურვილი, კარიერა საქართველოში დამემთავრებინა. მაგრამ დღეისთვის სხვა შემოთავაზებას ველოდები. რაც შეეხება თბილისის და ბათუმის „დინამოების“ წინადადებებს – მათ საქართველოს ნაკრების ყველა იმ მოთამაშისადმი აქვთ ინტერესი, რომლებიც უგუნდოდ არიან. ეს ძალიან სასიამოვნოა“, – განაცხადა 33 წლის ფეხბურთელმა.





