ყაზანის „რუბინმა“ ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის განაცხადიდან მოხსნა. ყაზანელთა ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, კლუბი მიზეზს ასე ხსნის.
„ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო დროებით მოიხსნა რუსეთის პრემიერლიგის განაცხადიდან და მის ადგილს მცველი მონტასარ ტალბი დაიკავებს“, – წერია რუბინის განცხადებაში.
თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდი ალბათობით ხვიჩა უახლოეს სანაკრებო შეხვედრასაც გამოტოვებს, რომელსაც საქართველოს ნაკრებს 2 სექტემბერს კოსოვოს წინააღმდეგ ელის.
ქართველი შემტევი სამი დღეა ყაზანის „რუბინთან“ ერთად არ ვარჯიშობს. რუსულ პრესაში ვრცელდება ინფორმაციაც, რომ უახლოეს დღეებში ფეხბურთელი კლუბს დატოვებს და სათამაშოდ რომელიმე ტოპ-ჩემპიონატის გუნდში წავა. ხვიჩას აქტიურად უკავშირებენ ლონდონის „ტოტენჰემს“ და ტურინის „იუვენტუსს“. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმაც ისაუბრა, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ 2019 წლის ზაფხულიდან გამოდის და კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ლეონიდ სლუცკის გაწვრთნილ გუნდში პრემიერ ლიგის ეგიდით 4 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.






