ხვიჩა კვარაცხელია, რომლის ევროპის TOP 5 ლიგის კლუბში ტრანსფერს ყველა ელოდება, ჯერჯერობით ყაზანის რუბინში რჩება და ახალი სეზონისთვის ამ გუნდთან ერთად ემზადება. 20 წლის ქართველის შესახებ მისმა თანაგუნდელმა, ილია სამოშნიკოვმა ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სატრანსფერო ხმები და წამყვანი კლუბებისგან ინტერესი ხვიჩაზე ზემოქმედებას არ ახდენს.
რუბინის 23 წლის მცველმა, რომელსაც მარცხენა ფლანზე სწორედ კვარაცხელიასთან ერთად უწევს მოქმედება, ქართველ ფეხბურთელთან შეთამაშებაზე ილაპარაკა:
“სხვადასხვაგვარად ხდება. არის მატჩები, როდესაც მის გამო სამუშაო მემატება, ზოგჯერ ნაკლებად. როდესაც მას თამაში მისდის, სამ-ოთხ მეტოქეს ატყუებს, ზოგჯერ საპირისპირო სიტუაციაა. მაგრამ ეს ყველაფერი ნორმალურია ისეთი ფეხბურთელისთვის, როგორიც ხვიჩაა.
რაც შეეხება შეთამაშებას, ყველაფერი ბრწყინვალედაა. თითოეული მატჩის წინ ვათანხმებთ შესაძლო სათამაშო მომენტებს. არის უთანხმოებაც, მაგრამ ესეც სამუშაოს ნაწილია და მას ყოველთვის ვაგვარებთ.
ხდება ხოლმე, რომ მასთან ჩავრბივარ, ის კი დრიბლინგზე მიდის. ამ დროს ბურთის დაკარგვის შემთხვევაში ჩვენი ფლანგი ვარდება და მდგომარეობა გვირთულდება. მაგრამ ახლა გვესმის ერთმანეთის და ვიცი, როდის უნდა გავიქცე მისკენ და როდის არა. ერთმანეთს საკმაოდ სწრაფად გავუგეთ და როდესაც ბურთს იღებს, უკვე ვიცი, რასაც მოიმოქმედებს.
იგრძნობა თუ არა გუნდში ის, რომ ხვიჩა “ჩემოდნებზე ზის”?
არა როგორიც იყო შვებულებამდე, ისეთივე დარჩა იქიდან დაბრუნების შემდეგ. მისი წასვლა ნებისმიერი გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნებოდა. ის ძალიან ბევრ მომენტს ქმნის”, – ამბობს რუსი ფეხბურთელი რუსულ მედიასთან.
ქართველი შემტევი, რომელმაც აპრილში ტრავმა მიიღო და სეზონის დასკვნითი ნაწილი მათ შორის საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩები გამოტოვა, მოედანს ცოტა ხნის წინ – რუბინის საკონტროლო მატჩში დაუბრუნდა. ხვიჩამ ეკატერინბურგის ურალთან ჩატარებულ სპარინგში 65-ე წუთამდე ითამაშა.








