ქართული სპორტი სტრუქტურულად ძველ დროს უბრუნდება. ეს ზუსტად როდის მოხდება ჯერ უცნობია, მაგრამ ამის შესახებ შესაბამისი დადგენილება უკვე მომზადებულია.
საუბარია, სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფაზე. უფრო სწორად, ისევ კულტურის და ახალგაზრდობის საქმესთან გაერთიანებაზე, როგორც რამდენიმე წლის წინ იყო, სანამ სპორტს განათლების და მეცნიერების დარგს შეუერთებდნენ.
ამის შესახებ, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„სპორტი, ისევე როგორც კულტურა და ხელოვნება არის ჩვენი ქვეყნის საუნჯე. ამ მხრივ უდიდესი წარმატებები და ტრადიციები გაგვაჩნია. ჩვენი სპორტსმენების მიღწევები გვაფიქრებინებს, რომ ეს სფერო ნამდვილად იმსახურებს ცალკე გამოყოფას. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და ვიამაყოთ ჩვენი საქართველოს სპორტული მიღწევებით. გარდა ამისა, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილების თანახმად, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი გახდება”– განაცხადა პრემიერმა.








