ჰორიზონტზე კიდევ ერთი გუნდი გამოჩნდა. მართალია, მას ევროპულ გრანდს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ საკმაოდ ანგარიშგასაწევი და სიმპათიური კლუბია.
მოკლედ, როგორც რამდენიმე უცხოური გამოცემა იუწყება, ხვიჩა კვარაცხელიას თავისთან ხილვა ინგლისურ „ლიდსს“ მოუწადინებია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიდსელები კვარაცხელიას აგენტსაც დაუკავშირდნენ და სამომავლო ტრანსფერზე ისაუბრესო.
მიმდინარე სეზონში „ლიდსი“ პრემიერლიგაში საკმაოდ ყინჩად გამოიყურება და ბობოლა გუნდებიც გაამწარა. ცოტა ხნის წინ იყო ლიდსელებმა სტუმრად „მანჩესტერ სიტი“ რომ დაამარცხეს, ხოლო „ლივერპულს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ფრე გაუგორეს.
მომავალი სეზონიდან „ლიდსი“ შეტევის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს და საამისოდ ხვიჩა კვარაცხელია იდეალურ ვარიანტად მიაჩნია.
პოპულარული გამოცემა Msn.com-ის მტკიცებით, მხარეებს შორის კონტქატი და საუბარი ნამდვილად შედგა, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევი და ზედმეტია, თანაც სამუშაო ვიზასთან დაკავშირებით გარკვეული დაბრკოლებებიც არსებობს.
ასე რომ დაველოდოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ეჭვგარეშეა, რომ 20 წლის ქართველი ტალანტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ყაზანის „რუბინს“ აუცილებლად დატოვებს.





