ესპანეთის ნაკრების და „ბარსელონას“ მცველი ჟერარ პიკე შესაძლოა მკაცრად დასაჯონ. კატალონიური გრანდის საკვანძო ფიგურამ, ამას წინათ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში კბილი მსაჯებს მწარედ გაჰკრა და მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.
პიკეს თქმით, ლა-ლიგაში მომუშავე არბიტრების უმეტესობას მადრიდის „რეალი“ უყვარს და ამიტომაც სამეფო გუნდის სასარგებლოდ ხშირად უსტვენენ. პიკეს ეს სიტყვები კი იმას გულისხმობს, რომ შესაბამისად მსაჯებს „ბარსელონა“ დიდად გულზე არ ეხატებათ.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი ჟერარ პიკეს ამ გამონათქვამის გამო შეკრებას და მსჯელობას გეგმავს. თუ დაადგენენ, რომ ფეხბურთელმა ამ სიტყვებით არბიტრების იმიჯი შელახა და მათ გულწრფელობაში და საქმისადმი პატიოსნად მიდგომაში ეჭვი შეიტანა და ისინი შეურაცხყო, მაშინ პიკეს 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ან 3 ათას ევრომდე ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში 20 ტურის შემდეგ პიკეს „ბარსელონა“ 40 ქულით მესამე ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს „რეალსაც“, რომელიც ბურთების უკეთესი შეფარდებით მეორე პოზიციაზეა.





