ეროვნული ლიგის მე-11 ტური თელავში გაიხსნა, სადაც იმავე სახელწოდების ადგილობრივმა გუნდმა თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ კახელებს და რკინიგზელებს საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგათ. „თელავმა“ მიჯრით ოთხი თამაში წააგო და მთავარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძეც დაითხოვა, ხოლო „ლოკომოტივიც“ აგერ უკვე ზედიზედ ორი ტურია მარცხდება. თანაც „საბურთალოსთა“ წინა მატჩში „ლოკომოტივის“ დამრიგებელი გია ჭიაბრიშვილი ემოციებს აყვა და მსაჯს სიტვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც წითელი ბარათით დაისაჯა.
ამიტომაც, დღევანდელ დაპირისპირებაში სტუმრებს მთავარი მწვრთნელის გარეშე მოუხდა თამაში, ხოლო მასპინძლებს სეზონის ბოლომდე ბესიკ აბულაძე გაუძღვება.
საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება უხვგოლიანიც გამოდგა და ფრედ 2:2 დასრულდა. სტუმრები მაროკოელმა ლეგიონერმა ომარმა დააწინაურა, თუმცა თელაველებმა პირველივე ტაიმში მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. თავი ბაშალეიშვილმა და ბერიაშვილმა გამოიჩინეს. „ლოკომოტივმა“ მეორე ტაიმში გათანაბრება სანდოხაძის გოლის წყალობით შეძლო.
11 ტურის შემდეგ „თელავი“ 7 ქულით კვლავ ცხრილის ფსკერზეა, ხოლო „ლოკომოტივი“ 15 ქულით მე-5 ადგილზეა.





