ეროვნული ლიგის მე-17 ტურს სენსაციის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილამ“ „თელავი“ მიიღო და ყველასთვის მოულოდნელად ფრედ, 1:1 ითამაშა.
მთელი შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე გუნდმა ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთი საგოლე მომენტი შექმნა. ანგარიში მე-17 წუთზე კახელებმა გახსნეს. შოთა შეყილაძემ ლაშა შერგელაშვილის ბრწყინვალე გადაცემა ზუსტად გამოიყენა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ანდრეი დრემჩენკოს გუნდმა წონასწორობის აღდგენა პირველი ტაიმის მიწურულს შეძლო. თორნიკე კაპანაძემ ღუდუშაურის ეფექტური პასი გამოიყენა და როგორც პირველ ტაიმში, ისე მთლიან შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
იმის მიუხედავად, რომ მეორე ნახევარში ორივე გუნდს არაერთხელ შეეძლო ანგარიშის შეცვლა, სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა მეტი გოლი ვეღარ იხილა. სამაგიეროდ ნახეს ფიზიკური დაპირისპირება და გაძევება. გუნდებს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის გამოც მთავარმა მსაჯმა მოედნიდან „დილას“ შემტევი, ირაკლი ბუღრიძე გააძევა.
17 ტურის შემდეგ, „გორის დილა“ სატურნირო ცხრილში 26 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, „თელავი“ 9 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.
რევაზ გოცირიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას „შუქურასთან“ გამართავს, სადაც უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების მხრივ ბევრი რამ გადაწყდება. გორის „დილა“ კი ბათუმში გია გეგუჩაძის „დინამოს” ესტუმრება.





