ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები „მანჩესტერ სიტის“ და მადრიდის „რეალის“ გამარჯვებებით დასრულდა. ნიშანდობლივია, რომ მასპინძლებმა მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოახერხეს წარმატების მიღწევა. ეს „პორტუმ“ გააკეთა, როდესაც შინ „იუვენტუსს“ აჯობა.
გერმანულ „გლადბახსა“ და ინგლისურ „მანჩესტერ სიტის“ შორის ფავორიტად პეპ გვარდიოლას შეგირდები ითვლებოდნენ. მათაც ქომაგებს იმედები არ გაუცრუეს და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს, რითიც ფაქტობრივად ორ რაუნდიან დუელში გამარჯვებულის ბედი გადაწყვიტეს.
კმაყოფილია „ქალაქელთა“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, თუმცა საკუთარ გუნდს ტურნირის მოგების მთავარ კანდიდატად არ მიიჩნევს.
„როდესაც ბაიერნის თამაში ვნახე თუ როგორ მარტივად მოუგეს ლაციოს, ვფიქრობ ფავორიტები არ ვართ. მიუნხენური გუნდი სასწაულად გამოიყურება, თუმცა თუ ხალხს უნდა ან თვლის, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ტურნირის მოგება ვერ დავუშლი.
რაც შეეხება გლადბახთან დაპირისპირებას, დამსახურებულად მოვიგეთ, მაგრამ უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებაც შეგვეძლო. შექმნილი მომენტების მაქსიმალურად რეალიზება უნდა ვისწავლოთ.
ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას თუ ფიქრობ, თითოეულ მატჩში უმაღლეს დონეზე უნდა ითამაშო“ – აღნიშნა პეპ გვარდიოლამ.





